აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია რუსეთის მოქალაქეების 57 %-ს აღელვებს. "ლევადა-ცენტრის" ექსპერტებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ირგვლივ გამოკითხვა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ამ რეგიონებში არსებული სიტუაცია საერთოდ არ აინტერესებს გამოკითხულთა 34 %-ს, კითხვაზე პასუხის გაცემა კი 6 %-ს უჭირს.
აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოკითხულთა 44 % მიიჩნევს, ე. წ. სამხრეთ ოსეთს კი _ 43 %. ცენტრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი კონფლიქტის შემდეგ არსებულ მაჩვენებელზე დაბალია. აგვისტოს კონფლიქტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოკითხულთა 52 % მიიჩნევდა, ე. წ. სამხრეთ ოსეთს კი _ 51 %.
რუსეთის მოქალაქეთა 27 %-ს მიაჩნია, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია. ე. წ. სამხრეთ ოსეთს კი რუსეთის ნაწილად გამოკითხულთა 29 % მიიჩნევს.
რუსეთის მოქალაქეების აზრით, რეგიონში მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.