ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთის დაბრუნება „სტრასბურგის ღალატად“ შეაფასა.
„ჩვენ 7 რეზოლუცია წარვადგინეთ რუსეთის საწინააღმდეგოდ. არც ერთი მათგანი არ მიგვიღია და ახლა ჩვენ ვცვლით წესებს, პროცედურებს და რუსეთს ვაძლევთ უფლებას, დაბრუნდეს ევროსაბჭოში. ეს არანორმალურია. ისევე, როგორც 1938 წლის მიუნხენის ღალატი, ეს შეიძლება ჩაითვალოს სტრასბურგის ღალატად“,- განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა ალექსეი გონჩარენკომ, ევროსაბჭოს ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის მიიწვია. შესაბამისი რეზოლუცია ასამბლეამ ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
პარლამენტარებმა რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციაში დაბრუნდეს.
"წევრების ხმის მიცემის, ასამბლეაში გამოსვლისა და წარმომადგენლების ყოლის უფლება მის ორგანოებში არ შეჩერდება და არ ანულირდება“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
აღნიშნულია, რომ ძირითადი უფლებები არ ექვემდებარება არანაირ სანქციებს. თუმცა ნარჩუნდება დელეგაციის უფლებამოსილების დავის შესაძლებლობა.
ცვლილებას მხარი 190-დან 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 10-მა კი თავი შეიკავა.
საქართველოს, უკრაინისა და ბრიტანეთის დელეგაციებმა რეზოლუციაში 222 შესწორება შეიტანეს, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხოლოდ ერთი მიიღო.
ასამბლეის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს ასამბლეის სხდომა.