აფხაზი სეპარატისტები გალის რაიონის მოსახლეობისთვის ქართული ტელეარხების გათიშვის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქართული არხები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მაუწყებლობდნენ.
სეპარატისტული აფხაზეთის "გოსსვიაზნადზორის" თანამშრომლებმა შემოწმების დროს ენგურჰესის ტერიტორიაზე ორი "უკანონოდ" დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემი აღმოაჩინეს. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბესლან ხალვაშის ინფორმაციით, გადამცემები ერთ-ერთ საკომუნიკაციო ანძაზე იყო დამონტაჟებული.
"გადამცემები დემონტირებულია და მიღებული იქნება გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის შესაბამისად. ყველა ტელეგადამცემი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება დამონტაჟებული, დარეგისტრირებული უნდა იყოს, ისევე როგორც ტელეარხების მაუწყებლობაზე სანქცია "გოსსვიაზნადზორმა" უნდა გასცეს", _ აცხადებს ხალვაში და დასძენს, რომ "იმის გამო, რომ ქართულ ტელეარხებს ლიცენზია არ გააჩნიათ, მათი მაუწყებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოა.
"ჩვენ არ ვარღვევთ გალის რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების უფლებებს. დღეს ციფრულ მაუწყებლობაზე კავშირი პრაქტიკულად ყველას აქვს", _ აცხადებს ხალვაში.