კობახიძე აქ შემოსვლას ვერ გაბედავს. თუ შემოვა, თავში მოხვდება ყველაფერი, რაც ხელში მომხვდება, კვერცხი იქნება თუ მიკროფონი - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
მისი თქმით, ახლა გამოჩნდება, რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას, დაიცავს თუ არა ღირსებას, რადგან ეს უკვე ზეპოლიტიკური საკითხია. მისი განცხადებით, ცოტა დააკლდათ და პარლამენტში საქართველოს დროშის ნაცვლად, რუსეთის დროშას აღმართავდნენ.
"ეს არის რბილი ძალა, ის შემოიპარა აქ, შემოაპარა ივანიშვილმა. ივანიშვილს დრო აქვს, სანამ დროა, კობახიძე გადააყენოს. პროცესები, კანით ვგრძნობ, რომ შესაძლოა, უმართავი გახდეს. მოკიდეთ ქეჩოში ხელი კობახიძეს და დაისვით სახლში. სასაუბრო აღარაფერია, ამ სავარძელში დასვეს, ამ სავარძელში დღეს იჯდა ქართველების მკვლელობაში გასვრილი გავრილოვი. ამ შენობაში, ვინც ზის, ის მართავს ქვეყანას, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, აქ დასვეს ის ადამიანი, რომელიც ყველამ ვიცით, რასაც ამბობს, ამბობს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დამოუკიდებელი და ამ ადამიანს ტაშით შეხვდნენ. კობახიძე ახლა რომ გამოდის, ვაიმე , ეს რა დამემართაო. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა და თუ გაბედავს ყველაფერი თავში მოხდება, კვერცხი იქნება თუ ეს მიკროფონი", - აცხადებს მელია.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა.
სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.