ფოლადის მწარმოებელი კომპანია "ArcelorMittal-ი საქართველოში თავის წარმომადგენლობას ხსნის.
დღესვე "თბილისი მარიოტში" კავკასიის რეგიონის პარტნიორებთან ერთად გაიმართა სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგის" ტოპ მენეჯერთა შეხვედრა. სააქციო საზოგადოება "არსელორმიტალი კრივოი როგი" "ArcelorMittal"-ის უკრაინის წარმომადგენლობაა, რომელიც საქართველოში მენეჯმენტს ახორციელებს. კომპანია ახდენს ფოლადის კოქსის, თუჯის, არმატურისა და სხვა მეტალურგიული პროდუქციის წარმოება-რეალიზაციას.
კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის, ექსპორტის დარგში დირექტორის, ანდრეი კიტიცის განცხადებით, კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს.
"მომხმარებლის მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქციაზე მუდმივად იზრდება. იზრდება კონკურენცია მწარმოებლებს შორის, მაგრამ ხარისხი, რასაც "არსელორმიტალი კრივოი როგი" სთავაზობს თავის მომხმარებელს, ეფუძნება მუდმივ ტესტირებას, რაც განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას მეტალურგიის ბაზარზე", _ განაცხადა ანდრეი კიტიცმა.
კომპანიის პროდუქციის ექსპორტის უმეტესობა სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და სპარსეთის ყურეში ხორციელდება. გარდა ამისა, "არსელორმიტალი კრივოი როგი" პროდუქციის რეალიზაციას ახდენს რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, სომხეთში და ბელორუსიაში.
2008 წელს კომპოანიის წლიურმა შემოსავალმა 124.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფოლადის წარმოებამ _ 103.3 მილიარდი ტონა მოიცვა, რაც მსოფლიო ბაზრის 10%-ია.