ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში კვირას ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უკანონო და არალეგიტიმურია. ეს არჩევნები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, უფრო მეტად ყოფს მათ. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავგმოთ ეს“, – ნათქვამია ევროსაბჭოს თანამომხსენებლების განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში საქართველოს 2019 წლის 1-2 ივლისს ეწვევიან.