დღეს, 22 სექტემბერს, ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. ამავე სხდომაზე დაასახელებენ ყრილობის თარიღს, სადაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
ამ კომიტეტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან დაითხოვეს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი. მისი და მთლიანი სამწვრთნელო შტაბის გადაყენების მიზეზი ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც მწვრთნელთა დაუდევრობის გამო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო გამოეთიშა.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე კენჭისყრას ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სოსო ლიპარტელიანს სთავაზონ. ლიპარტელიანის კანდიდატურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ წარუდგინა.
მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი სოსო ლიპარტელიანი ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია. ლიპარტელიანისთვის წარმატებული აღმოჩნდა ბულგარეთში გუშინ დასრულებული ევროპის ჩემპიონატიც, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ხაბულიანმა განმარტა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიიღო.