მოსკოვის ტვერის სასამართლომ სტალინის შვილიშვილის, ევგენი ჯუღაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჯუღაშვილი მოითხოვდა, სასამართლოს ფალსიფიცირებულად ეცნო ყველა დოკუმენტი, რომელიც "კატინის საქმეს" ეხებოდა და რომლებითაც დასტურდებოდა, რომ 26 ათასი პოლონეთის მოქალაქის დახვრეტის ბრძანება სწორედ იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა გასცა.
სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბერეზინმა განაცხადა, რომ ევგენი ჯუღაშვილი მოითხოვდა: ყალბად და სიმართლისათვის შეუსაბამოდ ყოფილიყო აღიარებული ყველა დოკუმენტი, რომელიც "როსარქივის" ინტერნეტგვერდზეა გამოქვეყნებული "კატინის საქმესთან" დაკავშირებით. ჯუღაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტები მისი პაპის ღირსებას ბღალავდა.
"აღნიშნულ მასალაში მითითებულია, რომ სტალინმა და პოლიტბიუროს კიდევ 5-მა წევრმა ე. წ. ნკვდ-ს გადასცეს თითქმის 26 ათასი პოლონეთის მოქალაქის საქმე განსახილველად და მათ მათთვის უმაღლესი სასჯელის - დახვრეტის განაჩენის გამოტანა დაავალეს", _ აცხადებს ბერეზინი.
სტალინის შვილიშვილი კი ამ დოკუმენტების ინტერნეტგვერდიდან აღებასა და მისთვის მორალური ზარალის მიყენებისათვის 10 მილიონი რუსული რუბლის გადახდას მოითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ სტალინის შვილიშვილი ტვერის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო სასამართლოში აპირებს.