საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.