დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესს იწყებს. მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკელი მილიარდერი ქართველ პარტნიორ "სილქ როუდ ჯგუფთან" ხვალ, 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში მემორანდუმს გააფორმებს.
პირველ ეტაპზე საუბარია თბილისში, საქანელას ქუჩისა და ვარდების მოედნის რეკონსტრუქციაზე და ბათუმში სასტუმროს მშენებლობაზე. ინვესტიციის მოცულობა და დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს საქართველოში ვიზიტისას, კომპანია The Trump Organization -ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ ამერიკელმა მილიარდელმა, დონალდ ტრამპმა უკვე განსაზღვრა საქართველოში "ტრამპის ცათამბჯენის" მშენებლობის ადგილი.
"უკვე განვსაზღვრეთ ორი პროექტი. ერთი უფრო კონკრეტული, ვიდრე მეორე, რომელიც ჩემი აზრით, ტრამპს დააინტერესებს, ტრამპის ცათამბრჯენის მშენებლობისთვის", _ განაცხადა The Trump Organization -ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა საქართველოში ვიზიტისას.
ტრამპის სეციალურმა მრჩებელმა, მაიკლ კოენმა, მშენებლობისათვის თბილისსა და ბათუმში 13 პოტენციური ადგილი დაათვალიერა.
"ახლა ყველაზე საინტერესო პოტენციურ პროექტს ვაფასებთ, რომელიც მრავალ კრიტერიუმს ეფუძნება და ვიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ვიზიტთან დაკავშირებით", _ განაცხადა კოენმა.
თუმცა მას არ განუმარტავს პოტენციური პროექტის განლაგების ადგილი და არც ინვესტიციის მოცულობა. მხოლოდ განაცხადა ის, რომ ყველაფერი, რაც ტრამპს უკავშირდება, დიდ მოცულობისაა.
"ნებისმერი ინვესტიცია, რაც ტრამპს უკავშირდება, იქნება ძალიან დიდი და ბევრი ნულით", _ განაცხადა კოენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი დააკვირდებიან, როგორ მუშაობენ რეგიონში სხვა სასტუმროები, რადგანაც ეს მიმართულება ტრამპის ბიზნესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. კოენმა საქართველოს სასიამოვნო ქვეყანა უწოდა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება გაჰყვება ბათუმიდან. ბათუმი მან ნიუ-ჯერსის და ლას-ვეგასს შეადარა და მიესალმა ქალაქის განვითარების მიხეილ სააკაშვილისეულ გეგმას.
"მე ვნახე ქალაქის სამიწლისწინანდელი ფოტოები. დღევანდელი ბათუმი სამი წლის წინანდელთან შედარებით არის ბრწყინვალე", - განაცხადა კოენმა და დასძინა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ისევე, როგორც დონალდ ტრამპს, აქვს კარგი ხედვა და ერთობლივად ისინი საქართველოსთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი საქართველოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. დონალდ ტრამპმა საქართველოში ინვესტირების საკითხი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ამერიკაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განიხილა.