საქართველოს პრეზიდენტი ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ "მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში" მონაწილეობს, რომელიც საქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებს ეძღვნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში "როიალ ხვანჭკარას" ღვინის ქარხანა დაათვალიერა, ხვანჭკარა დააგემოვნა და ეთნოგრაფიული კუთხე დაათვალიერა. ღვინის კომპანია „როიალ ხვანჭკარა" 2015 წელს დაარსდა და მისი მთავარი გამოწვევა სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაცოცხლება და რაჭის მეღვინეობის უმდიდრესი კულტურის აღდგენაა. პრეზიდენტის განცხადებით, რაჭის რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.
ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია - შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ "იუნესკოს" მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელს მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ რაც რაჭაშია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა - "გოგონები მომავლიდან" დაათვალიერა. დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან" საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგონების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.
პროექტის მიზანია, საზოგადოებას ხაზგასმით დაანახოს, რომ გოგონების პოტენციალის სრულ რეალიზებას, მათთვის თანაბარი პირობებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარებისთვის.