სააპელაციო სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
სასამართლოში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სასამართლოში იმყოფებიან ზაზა სარალიძის ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ბრალდების მხარე, რომელიც მოსარჩელეა ითხოვს, დადასტურეს ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.
16 წლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის №51–ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ჩხუბის დროს დაჭრეს. დავით სარალიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლევან დადუნაშვილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი - გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლოს დღემდე არ დაუსახელებია დავით სარალიძის მკვლელი. სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელის დადგენასა დ დასჯას მოითხოვს. ის ფიქრობს რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.
საპარლამენტო კომისიამ, ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.
2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მკვლელობის საქმეს შს მინისტრი ხელმძღვანელობს.
2019 წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.