საგადასახადო დავების საბჭოში საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლების გარდა, შესაძლოა ბიზნესმენთა ფედერაციის და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეებიც შევიდნენ.
შესაბამისი ინიციატივით დღეს, კახეთში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა.
"ბოლო დროს საგადასახადო სამსახური გააქტიურდა და ამის შედეგია, რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ჩამოიშალა. საბოლოო ჯამში გადასახადების გადამხდელები ინახავენ ქვეყანას და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. გთავაზობთ, საგადასახადო დავების საბჭოში არა მარტო საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც დავამატოთ, მაგალითად ბიზნესმენთა ფედერაციის და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეები, რათა ბიზნესის წარმომადგენლების თანდასწრებით გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს ამა თუ იმ საგადასახადო დავის გადაწყვეტა", - განაცხადა სააკაშვილმა.