დაბრუნებული დღგ-ის მოცულობამ წელს შესაძლოა 170-180 მლნ ლარს შეადგინოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კახეთში, მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში სახელმწიფომ კომპანიებს დღგ-ის სახით 120 მილიონი ლარზე მეტი უკვე დაუბრუნა.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე ჯამში, წინა სამი წლის განმავლობაში დაბუნებული დღგ-ის მოცულობა. ამასთან, გადავწყვიტეთ, დღგ-ის სახით დამატებით კიდევ 35 მილიონი ლარი გამოვყოთ. საერთო ჯამში, დაბრუნებული დღგ-ის მოცულობამ წელს, შესაძლოა, 170-180 მლნ-ს გადააჭარბოს", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ბიზნეს სუბიექტები დაბრუნებულ დღგ-ს არა შესაბამისი პროცედურების შესაბამისად 6-8 თვეში, არამედ "დაუყოვნებლივ მიიღებენ".
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აღნიშნული კერძო სექტორს თავისი ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს.
"ეს არის პასუხი იმათთვის, რომლებიც ჩივიან, რომ ზედმეტად აქტიურობს ჩვენი საგადასახადო ორგანოები და არ რჩებათ მათ საბრუნავი საშუალება. გაძლევთ ფულს უკან, იმისთვის, რომ ამ ფულის რეინვესტირება მოხდეს თქვები ბიზნების განვითარებაში", - განმარტა სააკაშვილმა.