24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის „მზის გოგონები“ ჩვენება გაიმართება. კომისიის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „მზის გოგონები“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დამატებით ანაზღაურებას მიიღებს.
„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯის 20 % უკან დაიბრუნონ. დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5 პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.
- ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;
- საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე
(მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.);
- ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;
- პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში;
- დისტრიბუცია და ფესტივალები;
სწორედ ამ პუნქტების მიხედვით გადაწყდება მიიღებს თუ არა „მზის გოგონები“ დამატებით ანაზღაურებას.
სპეციალური კომისია, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შემდეგი წევრებისგან შედგება:
- ნანა დოლიძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;
- თათია ბიძინაშვილი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელმძღვანელი;
- დავით ვაშაძე - სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- მარინა ბოჯგუა - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს ხელმძღვანელი;
დღეისათვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მიერ, მხარდაჭერილია 23 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზე ჯამური ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 58,2 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 7950-ს აღწევს.
პროგრამას “გადაიღე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში”, ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.