სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ქვეყნის სასამართლოების შენობების შესასვლელების ბლოკირება დაასრულეს. ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავად ფაშინიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„დღევანდელმა აქციამ მიზანს მიაღწია: სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პროცესი დაიწყო და შეუქცევადი გახდა. ყველანი მიყვარხართ, თქვენით ვამაყობ“, - მიმართა ფაშინიანმა ამომრჩევლებს.
მან ასევე ბოდიში მოუხადა სომხეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც დღეს სასამართლოებში საკუთარი საქმეების განხილვაზე დასწრება ვერ შეძლეს.
ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში და სხვა ქალაქებში სასამართლოების შენობების შესასვლელები დღეს დილით დაბლოკეს.
ნიკოლ ფაშინიანმა სასამართლოების შენობების ბლოკირებაზე მოწოდება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოწოდების მიზეზი ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც სომხეთის ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოტო: Armenpress