„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ აგრესიული აქტივისტები ჰყავს და ესენი „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ.
„საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.
გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.
სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი - მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.
ბუნებრივია, ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.
ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო.
მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება;
გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები 1 წლის წინ აჭარის ადუღებას, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმი.
ბუნებრივია ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!
გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.