ხვალ, 20 სექტემბერს, საზოგადოებას ძიუდოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატი წარედგინება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილი მაცხადებს, რომ ეს არ იქნება უცხოელი მთავარი მწვრთნელი, იგი იქნება ქართველი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ჩამოაყალიბებს და წარადგენს ახალ სტანდარტებს ყველა იმ ფუნქცია-მოვალეობისა რომლებიც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ეხება.
"ყველას ეცოდინება თავისი ფუნქცია და თავისი მოვალეობა და ამას აღმასკომი დაამტკიცებს. ამით ვიხელმძღვანელებთ და ამის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველა", _ აცხადებს მინისტრი.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამირან ტოტიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მასთან ერთად თანამდებობიდან გადაყენებულია მთლიანად მწვრთნელთა კორპუსი. ძიუდოს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატიდან ცირეკიძის მოხსნის საკითხი განიხილა, ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს რეკომენდაცია მხოლოდ მთავარ მწვრთნელს არ უნდა გაეზიარებინა ეს პასუხისმგებლობა ინციდენტზე, რომელიც მოხდა ცირეკიძესთან დაკავშირებით. აღმასკომის სხდომაზე განხილვის შედეგად მთლიანად მწვრთნელთა კორპუსი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
ამას გარდა, მინისტრმა კომენტარი ირაკლი ცირეკიძეზეც გააკეთა და განაცხადა: "რაც შეეხება ცირეკიძე იქნება ეს გუჯეჯიანი თუ კედელაშვილი თუ ნებისმიერი სხვა სპორტსმენი, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მათდამი, თუ სათანადოდ მოემზადებიან ყველანი ისინი იქნებიან ეროვნულ ნაკრებში. ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ფედერაციისათვის. ყველა სპორტის სახეობის ფედერაცია ჩვენ ანალოგიური მოთხოვნები გვექნება", _ განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.