ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამ არჩევნების შეედგების აღიარება აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეიტილება, გააუქმოს 31 მარტს ჩატარებული სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები და ხელახალი არჩევნების თარიღი გამოაცხადა. ჩვენ, მსგავსად თურქეთის სხვა მეგობრებისა, ცნობად ვიღებთ ამ ექსტრაორდინარულ გადაწყვეტილებას.
თურქეთს აქვს ხანგრძლივი და საამაყო დემოკრატიის ტრადიცია.
ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, განახორციელოს ახალი არჩევნები კანონის შესაბამისად, დაიცვას ვალდებულებები, რომელსაც თურქეთს ეუთო-ს და ნატო-ს წევრობა და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვა აკისრებს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილის ალი იჰსან იავუზის თქმით, 31 მარტს გამართული არჩევნები სტამბოლში მრავალრიცხოვანი დარღვევებით ჩატარდა.
სტამბოლის მაცხოვრებლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მერის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ გააპროტესტეს და აქცია "ქვაბების პროტესტი" გამართეს.