ბრიტანეთი მიიღებს მონაწილეობას ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 23-26 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება ტერეზა მეის მთავრობის კაბინეტის წევრის დევიდ ლიდინგტონზე დაყრდნობით.
ლიდინგტონის თქმით, მთავრობა ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობით, ქვეყანა სანამ ევროგაერთიანების წევრია, მას უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობა ევროპარლამენტში.
დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსიტის შეთანხმების დოკუმენტი პარლამენტარებმა სამჯერ ჩააგდეს. რის გამოც ტერეზა მეიმ ევროკავშირს ბრექსიტის გადავადება სთხოვა.
ევროკავშირიდან გამოსვლის ბოლო ვადა 2019 წლის 31 ოქტომბერია. თუ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ბრიტანეთი ევროკავშირს ავტომატურად დატოვებს.