მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა - მორის ჰუსეინ მაჩალიკაშვილმა, სუს-ის შენობა დატოვა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მასთან სამართალდამცავებს კითხვები ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდათ. მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს .
„გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია ვისაუბრო საქმის მეტ დეტალებზე. ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმის, რომ დააკავონ მორის მაჩალიკაშვილი არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღევანდელი გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმულ კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა. მე არ მინახავს არ მომისმენია ჩანაწერები რომელზეც საუბრობთ. გაგრძელდება სავარაუდოდ მისი გამოკითხვა,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სუს-მა გამოავლინა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მორის მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.