მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე აცხადებს, რომ ფაბრიკაციაა. მისი თქმით, მასსა და მის ძმისშვილს შორის მსგავსი შინაარსის საუბარი არ შემდგარა. „ყველა მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
„აზრზე არ ვარ, გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული, ან ვინ არის. ეგ ერთი და მეორე, მე რაც აქ ვდგავარ და იმას ვცდილობ, რომ კანონის ფარგლებით დავსაჯო, ვინც თემირლანთან არის დამნაშავე, ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, ამას ვიძახი თორემ. იქ მაჩხაანში რა მინდა. თუ მაგის სურვილი მქონდა და, თუ მაგის სურვილი მაქვს, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა. წელიწადნახევარია, მე ქუჩაში ვარ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სუს-მა გამოავლინა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მორის მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.