პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.
ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.