დღეს, 19 სექტემბერს, კომპანია „რომპეტროლ საქართველო" მთაწმინდის პარკში „ვხატავთ რომპეტრლოს" 2010 წლის სეზონის დახურვას სპეციალური ღონისძიებით აღნიშნავს.
13:00 საათიდან პარკის შესასვლელში გამოიფინება და გაიყიდება მთელი აგვისტოს განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები. პარალელურად, შოუ პროგრამებით პატარებს გაართობენ პროფესიონალი ანიმატორები და მხიარული მულტფილმების პერსონაჟები. აქციის ფარგლებში, რომპეტროლისაგან საჩუქრად, საბავშვო სექტორში პატარები ატრაქციონებზე უფასოდ გაერთობიან. ეს ატრაქციონებია - მხიარული ხე, დიდი მანქანები, ბზიკები, მხიარული მატარებელი, მხტუნავი კოშკი და საყანყალოები.
„აქციამ „ვხატავთ რომპეტროლს" წელს ხუთჯერ სხვადასხვა ქალაქში ბავშვებს ლამაზი დღეები აჩუქა და ყველა ასაკის ათასობით ადამიანი გააერთიანა. შეიქმნა ძალიან ბევრი საინტერესო ნახატი და კვირას გამოფენა-გაყიდვის მსვლელობისას, რომპეტროლის გუნდი სოლიდურ თანხებს გაიღებს ამ ნამუშევრების შესაძენად. ამასთანავე ნახატების შეძენა ნებისმიერ მსურველს სიმბოლურ, მისთვის მისაღებ ფასად შეუძლია. შეგროვილი თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. კვირას პარკში სოციალურად დაუცველ ბავშვებსაც მოვიყვანთ და გავართობთ," - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად აქცია დევიზით - „შეითავსე მხატვრის როლი, და დახატე რომპეტროლი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პირველად გასულ წელს ჩატარდა. წელს აქციამ „ვხატავთ რომპეტროლს" განახლებული ფორმატით მოიარა ბათუმი, გაართო ბავშვები გორში, ბორჯომში, ჩატარდა თბილისის ზოოპარკში, 29 აგვისტოს კი წყნეთის ბავშვთა სახლს სტუმრობდა.
აღნიშნული პროექტი „რომპეტროლის" სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა "ჩვენი მომავლის ენერგია".