საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავას დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. იგი აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.
ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.