ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება პროდასავლურმა კანდიდატმა სტევო პენდაროვსკიმ მოიპოვა.
მეორე ტური ჩრდილოეთ მაკედონიაში გუშინ, 5 მაისს გაიმართა. ერთმანეთს ორი კანდიდატი სტევო პენდაროვსკი და გორდანა სილიანოვსკა-დარკოვა უპირისპირდებოდა.
სტევკო პენდაროვსკი - პროდასავლური კანდიდატი. ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კოორდინატორი. მხარდაჭერილია მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ. ის სხვადასხვა დროს ქვეყნის ორი პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის აქტიური მხარდამჭერი იყო ქვეყნის სახელწოდების ცვლილებისა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის დიდ დახმარებას გაუწევდა.
გორდანა სილჯანოვსკა-დარკოვა - 63 წლის პროფესორი, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი. დარკოვა დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას მხარს უჭერს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტია.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 21 აპრილს ჩატარდა.
პრეზიდენტის უფლებამოსილება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მეტწილად ფორმალურია, მაგრამ ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ხელს აწერს კანონებს.