ვანო სარაჯიშვილის შემოქმედებითი ცხოვრება
ვანო სარაჯიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში ყველაზე უფრო სახალხო და ჭეშმარიტად სახელგანთქმული არტისტი, უზადო ხმისა და, როგორც იტალიელებმა მართებულად უწოდეს, შესანიშნავი ბელკანტოს პატრონი იყო. გარდაიცვალა იმ ასაკში, რასაც მსოფლიოს წარმატებული მომღერლებისთვის კარიერის ზენიტი ჰქვია და ეს გარდაცვალებაც, ცოტა არ იყოს, ქართული ხასიათის, დაუდევრობის ბრალია - არასათანადო ზრუნვა ჯანმრთელობასა და ხმაზე.
გარდაცვალებამდეც და მის მერეც „საქართველოს ბულბული" სხვა არავისთვის უწოდებიათ, არადა თუ რამე არ აკლია ამ ქვეყანას, ეს სახელგანთქმული მომღერლები, მომაჯადოებელი ხმები და სიმღერის ნიჭია.
ვანო სარაჯიშვილის ბიოგრაფია ძალიან მოკლეა, შემოქმედებითი ცხოვრება კი -- დაუსრულებელი. პეტრე სარაჯიშვილის ოჯახში მეთერთმეტე ბავშვი - ვანო, 1879 წლის 1-ელ მაისს დაიბადა.
ნოტარიუსის, ინჟინერ-ტექნოლოგისა და მათემატიკის მასწავლებლის პეტრე სარაჯიშვილის ოჯახი ცნობილ მუსიკალურ ოჯახად ითვლებოდა, სადაც სიმღერა და ცეკვა კარგად, ან როგორც იმ დროს იტყოდნენ, რიგიანად გამოსდიოდათ.
იმდროინდელ კარგ მასწავლებლებს ვანოსა და მისი ძმის მუსიკალური ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და თბილისის გიმნაზიის მოსწავლე ამავე გიმნაზიის გუნდის ლოტბარმა ზაქარია ჩიკვაიძემ თავის თანაშემწედ დანიშნა.
ვანო ის უნიკალური მომღერალია და ისეთი ნიჭის პატრონი, როგორსაც მხოლოდ ღმერთი ჩუქნის ხოლმე ადამიანებს. სარაჯიშვილს ყველა ჟანრში სიმღერა შეეძლო - გუნდი იყო ეს (დიდხანს მღეროდა სანდრო კავსაძის გუნდში), ხალხური სიმღერა (დღემდე ითვლება „ოროველას" საუკეთესო შემსრულებლად), საეკლესიო მრავალხმიანი გალობა, რომანსები თუ ოპერა.
ვანოს პროფესიული ვოკალური განათლების საკითხი, ისევე როგორც თითქმის ყველაფერი იმ დროის საქართველოში, უნიკალურმა კაცმა - ილია ჭავჭავაძემ გადაწყვიტა. ამბავი ასეთია: ილიას სთხოვეს, ვანოსთვის მოესმინა. ილიას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა (არც დრო ექნებოდა) და მოკლედ მოუჭრია: „უსათუოდ უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, დახმარება დაენიშნება". ასე გამწესდა ვანო სარაჯიშვილი პეტერბურგში, სადაც შედგა კიდეც მისი საოპერო დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატაში" (ალფრედის პარტია).
დიდი წარმატება ხვდა წილად მის გამოსვლებს იტალიური ოპერის დასში (ალ. წერეთლის დასი, პეტერბურგი). პეტერბურგის პრესამ მშვენიერი რეცენზიები გამოაქვეყნა: „როგორც ჩანს, ბატონ სარაჯიშვილს გაუვლია ბელკანტოს დიდებული სკოლა, ის აღჭურვილია ვრცელი სუნთქვისა და შესანიშნავი ფრაზირების უნარით; მომღერალს მოალერსე ტემბრის ტენორი აქვს".
„კეთილი" რუსული ტრადიციით სარაჯიშვილი პეტერბურგში „სარაჯევად" მოინათლა, მოგვიანებით გვარი იტალიაშიც გადაუკეთეს, სადაც რუსეთიდან გაემგზავრა. მაესტრო კასტელანოსა და თავისი ნიჭის წყალობით, საუკეთესო ბელკანტოდ აღიარეს და „სარაჯინი" უწოდეს. იქვე შეხვდა საქვეყნოდ ცნობილ მომღერლებსა და მუსიკოსებს -- ფიოდორ შალიაპინს, ჯირალდინის, ტიტო რუფოსა და სხვებს.
მოუთმენლად ელოდნენ ვანოს ჩამოსვლას თბილისში. ჩამოვიდა, მაგრამ სამშობლოში ხმის ამოღება გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. „აქაურ მკვიდრს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩვენს სცენაზე; გარდა ამისა, რუსეთში ბევრი უმუშევარი არტისტიაო", -- ამბობდა თეატრის დირექცია. საჭირო გახდა მეფისნაცვლის კარზე მომუშავე გავლენიანი ადამიანების ჩარევა, რათა პეტერბურგის სცენაზე ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ ვანო სარაჯიშვილისთვის თბილისის სახაზინო თეატრში დებიუტის საშუალება მიეცათ.
1906 წლის 12 ოქტომბერს პირველად გამოვიდა ვანო სარაჯიშვილი თბილისის ოპერის სცენაზე „ტრავიატაში". დარბაზში ტევა არ იყო. სპექტაკლმა ტაშის გრიალში ჩაიარა. 20 ოქტომბერს ვანომ ჰერცოგის პარტია შეასრულა „რიგოლეტოში". სცენა ყვავილებით აივსო. ბევრი ძვირფასი ნივთი მიართვეს. გამოქვეყნდა რეცენზიები. „ტიფლისსკი ლისტოკი" წერდა: „მეტად აღტაცებულ მსმენელს არ შეიძლება თვალში არ მოხვდეს სანიმუშო უცვლელობა სარაჯიშვილისა, როგორც მომღერალ-ხელოვანისა. მას, როგორც ჩანს, სურს, იცოცხლოს და ისუნთქოს მხოლოდ სიმღერის ხელოვნების სიმართლითა და პოეზიით, რომლითაც ის თავისი საოცარი ნიჭისა და მომხიბვლელობის ძალით ცოცხლად და მხატვრულად აერთებს ერთ მთლიანობად... ეს მოვლენა ძალიან იშვიათად გვხვდება სცენაზე... სარაჯიშვილი განსაკუთრებული მომღერალ-ხელოვანია, რომელსაც შეიძლება დაუსრულებლად უსმინოთ. ჩვენ არ ვარჩევთ ამ მსახიობის სიმღერას. ვერავითარი ანალიზი, ვერავითარი მოგონებანი ვერ დაგვიბრუნებს იმ ესთეტიკურ აღტაცებას, რომელმაც საზოგადოება შეიპყრო... მივესალმებით ჭეშმარიტი, კეთილშობილი ხელოვნების სინათლისა და სითბოს ამ ზეშთაგონებულ მატარებელს".
კეთილისმყოფლები ვანოს ურჩევდნენ, იტალიაში, „ფორთოხლებისა და ტენორების" ქვეყანაში წასულიყო უფრო მეტად დახელოვნებისთვის. ცოტა ხანში გაემგზავრა კიდეც. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ვანო სარაჯიშვილის წარმატებული კარიერა ევროპის დიდ სცენებზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ეს უცნაური კაცი, რომელიც, თავისი სამშობლოს გარდა, დიდხანს ვერსად ჩერდებოდა, 1908 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ოპერის დასში ჩაირიცხა.
ქართველი საზოგადოება სიხარულით შეეგება საყვარელ მომღერალს. სახაზინო თეატრში გასტროლებზე მიიწვიეს. 11 ნოემბერს გამოვიდა „რიგოლეტოში", შემდეგ - „ტრავიატაში", „მინიონსა" და „მარგალიტების მაძიებლებში".
განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ჯორჯ ბიზეს „მარგალიტების მაძიებელში", რაზეც იმდროინდელ პრესაშიც წერდნენ. გასტროლები დიდი მხატვრული და მატერიალური წარმატებით დამთავრდა დეკემბრის დამდეგს. თეატრი მუდამ სავსე იყო. ვანო სარაჯიშვილი საერთო შემოსავლის 25 პროცენტს იღებდა. ე.ი. თითქმის 500 მანეთს თითო გამოსვლაში.
1920 წლის დამდეგს ვანო სარაჯიშვილმა თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარი დრამატული ტენორის პარტიებით გაამდიდრა. სამუელ სტოლერმანისა და სხვათა დირიჟორობით ის კოლოსალური წარმატებით ასრულებდა რაულის, რადამესის, გერმანის, დონ ხოზეს, კავარადოსისა და სხვა როლებს, სადაც მუდამ ახალ მხატვრულ სახეებს ქმნიდა. „კარმენში" მისი სასცენო პარტნიორი მეცო-სოპრანო ფატმან მუხტაროვა მოგონებებში წერდა: „ასეთი ხოზე „კარმენში" მე არ მყავდა და არც მეყოლებაო".
ვანო სარაჯიშვილმა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში" აბესალომის გამორჩეული სახე შექმნა. ალბათ, სასწაული ზუსტად ისეთ ამბავს ჰქვია, როგორიც თბილისის ოპერის თეატრში გასული საუკუნის ოციანი წლების ერთ მშვენიერ საღამოს მოხდა: მაყურებლის წინაშე ორი ბუმბერაზი ადამიანი იდგა - ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც თავად დირიჟორობდა „აბესალომ და ეთერის", და ვანო სარაჯიშვილი, აბესალომის პარტიით. თბილისი ამ წარმოდგენას, სავარაუდოდ, სუნთქვაშეკრული უსმენდა.
ცნობილი მწერალი გერონტი ქიქოძე სარაჯიშვილის აბესალომს ასე იხსენებს: „აქ მას წინამორბედი არ ჰყოლია, მაგრამ ბევრი მიმდევარი ჰყავს. მან შექმნა ტრადიცია, რომელსაც ვერცერთი მომღერალი ვერ აუქცევს მხარს. აქ მას პირველი გამოსვლისთანავე თითქოს ხალხურ რომანტიკაში, თითქოს მითოსსა და ლეგენდაში გადავყავდით, დაუვიწყარია მისი თვალების გამომეტყველება. ის თითქოს გაოცებული იყო, რომ რაღაც ზღაპრულ ქვეყანაში მოხვდა. შეუდარებელი იყო მისი დიალოგი მურმანთან. ბოლოს შეუდარებელი იყო აბესალომის სიკვდილის სცენა".
ამ საოცარი საღამოდან მალევე, ვანო ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა - 1924 წლის 11 ნოემბერს. ზაქარია ფალიაშვილი თავის საყვარელ და საამაყო აბესალომს გლოვობდა:
„...აღარა გვყავს ვანო სარაჯიშვილი, მოკვდა დიდი ხელოვანი, დიდი მომღერალი და იშვიათი, კეთილი გულის ადამიანი, დაობლდა და ბურჯი შეერყა ახლად ფეხადგმულ ქართულ ეროვნულ ოპერასაც, დავკარგეთ ის ადამიანი, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ნიჭით მთელი ეპოსი შექმნა ქართული ეროვნული სიმღერის დარგში".
ვანო სარაჯიშვილს, რომელსაც მუსიკის მცოდნენიც და მოყვარულებიც სამართლიანად მიიჩნევენ ქართული პროფესიული ვოკალის ფუძემდებლად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი.
© სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალში "თბილისის ოპერა"