დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის", - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი ,,სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების” სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.
ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ", - წერს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში.