28-30 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, რომელსაც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მიმართავენ.
ვიზიტის ფარგლებში, ლილიან მორი პასკიე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა. ლილიან მორი პასკიე, ასევე, ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს დაათვალიერებს.