სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების 8-გზის მონაწილე, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე, უშეღავათო ბრძოლაში მოიპოვა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
პნევმატური პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრების ფინალში ნინო 578 ქულით შევიდა, იქ კი 176.9 ქულით საბოლოოდ მეხუთე შედეგი აჩვენა. რადგან მის წინ მდგომთაგან, ბერძენ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ანა კორაკაკის, ოლიმპიადის რუს ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას, უნგრელ ვერონიკა მაიორის და კორეელ მინჯუნ კიმის უკვე ჰქონდათ ტოკიოს საგზურები, ნინო ავტომატურად მოხვდა ლიცენზიანტთა შორის.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისს აიღებს სტარტს და 17 დღის შემდეგ, 9 აგვისტოს დაიხურება.