2010 წლის 17-18-19 სექტემბერს საქართველოში პირველად ტარდება კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" შემდეგი ლოზუნგით: "საზოგადოება ზრუნავს ბუნებაზე", რომლის შედეგადაც მოხდება საქართველოს დატანა მსოფლიოს გარემოსდაცვით რუკაზე.
ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფი, ნაკრძლისა და ეროვნული პარკის პოპულარიზაციის მიზნით, მხარს უჭერს და ერთვება აქციაში "დავასუფთაოთ საქართველო დავასუფთაოთ მსოფლიოს ფარგლებში". კვირას, 19 სექტემბერს ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფი ახდენს ქ. ლაგოდეხში ეროვნული პარკისა და ნაკრძლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას. ჯგუფს უწევს მხარდაჭერას მწვანეთა მოძრაობა და ქ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. 2010 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კამპანიაში.
კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" ტარდება პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის ეკოხედვის მიერ.
პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით.
მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო", საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალექეებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განსახორციელებლად. კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა (35 მილიონიანი მოსახლეობით). მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, 2010 წელს საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კამპანიაში.