„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაპირდა, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდება.
როგორც „თბილისი პრაიდის“ გუნდი აცხადებს, ისინი 22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც იმსჯელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ რისკებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ტექნიკურ დეტალებზე.
“შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი”, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "თბილისის პრაიდის" ორგანიზებით "ღირსების მარშის" კვირეულის ჩატარება მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.