სეპარატისტულ აფხაზეთში შეიქმნა კომისია, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების კანონიერების საკითხებს შეისწავლის. კომისია ორმხრივია აფხაზურ-რუსული.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების კანონიერი ქონებრივი უფლებების გადაწყვეტის კომისიის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში სეპარატისტთა მხრიდან 11 წევრია. მათ შორის არიან აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გრიგორი ენიკი, ე.წ. იუსტიციის მინისტრი ლუდმილა ხოჯაშვილი, ე.წ. გენპროკურორი საფარბეი მიკანბა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია.
აფხაზური მხარე ასევე აცხადებს, რომ რუსულ მხარეს კომისიის თავისი შემადგენლობა ჯერ არ წარუდგენია.