საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა.
სასწავლო ცენტრი, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი სამხრეთკავკასიის რეგიონში, სს „თელასის" დაფინანსებით დაარსდა. ცენტრი სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას, სს „თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნილური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. სასწავლო ცენტრი აგრეთვე გადაამზადებს სპეციალისტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სს „თელასის" გენერალური დირექტორი იური პიმონოვი, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დაესწრნენ.
სასწავლო ცენტრის დაარსების პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 200 კვ. მ. ფართობზე, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამი ლაბორატორია განთავსდა. კერძოდ, ცენტრში ფუნქციონირებს დაბალი ძაბვის ელექტრომოწყობილობების ლაბორატორია, საშუალო ძაბვის ელექტრომოწყობილობების ლაბორატორია და სამრეწველო პროცესების მართვის სისტემების კომპონენტების შემსწავლელი ლაბორატორია.
ცენტრის ტექნიკური აღჭურვა ფრანგულმა კომპანია „შცჰნეიდერ Eლეცტრიც"-მა უზრუნველყო. კომპანია მსოფლიოს 100 ქვეყანაში მოღვაწეობს, ხოლო მისი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები 25 ქვეყანაში მოქმედებს. „შცჰნეიდერ Eლეცტრიც"-ის სპეციალისტებმა აგრეთვე სასწავლო ცენტრის პროფესორ-მასწავლებლები გადაამზადეს. დღეს მათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.
ცენტრში მომზადებას ძირითადად საქალაქო ელექტროქსელების მომსახურების სპეციალისტები გადიან - ბაკალავრები და მაგისტრატები. შემუშავებული სასწავლო პროგრამის თანახმად სწავლების კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს. ერთდროულად სწავლების კურსი შეუძლიათ გაიარონ 25 სპეციალისტმა.
სასწავლო ცენტრში ტარდება მეცადინეობები და სემინარები, სადაც სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ყველა ტიპის მოწყობილობაზე, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებისთვის და პროცესების ავტომატიზებისთვის გამოიყენება.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მომავალი ენერგეტიკოსები საფუძვლიანად გაეცნობიან ქვეყნის ენერგეტიკული დარგის განვითარებისა და რეფორმის მიმდინარეობას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის ფუნქციონირებისა და განვეთარებასთან დაკავშირებულ კონფერენციებსა და სხვა სახის საქმიან შეხვედრებში.
"კომპანიაში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების დანერგვის პირობებში კვალიფიციური კადრები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიული გადამზადების პროგრამებსა და ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების საწარმოო პროფილის გაფართოებას. თუკი კომპანიის თანამშრომლებს შრომითი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ადრე საზღვარგარეთ ვგზავნიდით, დღეს ამის საშუალება უკვე ადგილზე გვაქვს. საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ასეთი ტიპის სასწავლო ცენტრის შექმნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელებას არსებითი დახმარება აღმოუჩინა კომპანია „ინტერ რაო ეეს"-მა, რომელიც საკუთარი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მუდმივად აქტიურად თანადგომას უწევს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს " - აღნიშნა სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა.
ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად „თელასმა" 300 ათასი ლარი (182 ათასი დოლარი) გამოყო. სამუშაოები ცენტრის მოსაწყობად წლევანდელ ზამთარს დაიწყო.
პროექტის უზრუნველყოფა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და სს „თელასს" შორის 2006 წლის 22 მაისს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროსთვის მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს.
სასწავლო ცენტრისთვის ფინანსური მხარდაჭერის გარდა, „თელასი" ენერგეტიკული ფაკულტეტის წარჩინებულ 5 სტუდენტს მე-3 წელია სახელობით სტიპენდიებს უნიშნავს. სწავლის პარალელურად სტუდენტები „თელასში" სტაჟირებას გადიან. სრულყოფილი კვალიფიკაციის გავლის შემდეგ კი წარჩინებული სტუდენტები კომპანიაში დასაქმდებიან.