საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ღონისძიებათა მხარდაჭერა, საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
დოკუმენტს ხელი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ხელს შეუწყობს:
ბოტანიკური ბაღის მიერ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული საქართველოს ფლორის სახეობების IUCN-ის კრიტერიუმებით შეფასების სამუშაოებს;
ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
ჩაერთვება ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში, შეხვედრებსა და დისკუსიებში;
ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობა ასევე გულისხმობს, ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას, ეკოსაგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სახეობების, აგრეთვე ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვას და ჩვენი საარსებო გარემოს კონსერვაციას.