ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:
„აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედია მონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედია საშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ.
საბჭოს წევრებმა მაუწყებლობის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით განცხადება 11 აპრილს წარადგინეს.
აღნიშნულ საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ხვალ, 19 აპრილს არის დაგეგმილი.