17 აპრილიდან, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალი ახალ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფილიალი იმუშავებს 10-დან 19:30 საათამდე.
მედიათეკის სამუშაო გრაფიკის ცვლილების მიზეზი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ნაძალადევის მედიათეკის წევრები პარკში შეუფერხებლად მოხვედრას შეძლებენ პოლიციის შენობისა და ბეჟანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტების მხრიდან.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ყოფილი კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 71 313 კვადრატული მეტრი ფართობის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშებისა და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი და ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი. ასევე, პარკის ირგვლივ გაკეთდება ველო და სარბენი ბილიკები. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 10 ათასამდე ძირი მცენარე. ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება. პარკის სრული რეაბილიტაციის დასრულება წლის მიწურულს იგეგმება.