მე მიყვარს დიეგო ჩემს თავზე მეტად
პატარძლის მშობლები მათ კავშირს "სპილოსა და მტრედის ქორწინებას" უწოდებდნენ. მართლაც, საქმრო საცოლეზე 21 წლით იყო უფროსი, ასი კილოგრამით მძიმე, ორი თავით მაღალი, გარეგნულად შეუხედავი, მაგრამ ცნობილი იყო, როგორც ქალების სასოწარკვეთილი "მუსუსი".
დიეგო რივერას პრინც გომბეშოს ეძახდნენ. მაგრამ თავისი მძიმე, მოუხეშავი გარეგნობის მიუხედავად, ის დაჯილდოებული იყო უდიდესი ხიბლით - ბრწყინვალე იუმორით, სათუთი გრძნობითა და სინაზით.
ეს ქალებს იზიდავდა. ამის გარდა, მეორედ დაქორწინების დროს რივერა უკვე ცნობილი იყო, როგორც მხატვარ-მონუმენტალისტი. ის იღებდა შეკვეთებს ფერწერული ტილოების კერძო კოლექციონერებისგან და მექსიკის მთავრობისგან.
1922 წელს რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. ის რევოლუციური იდეების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და 1927-38 წლებში საბჭოთა კავშირშიც იმყოფებოდა.
მეხიკოში ყველამ იცოდა ცნობილი მხატვრის სახლი. და აი, სენსაცია: დიეგო ქორწინდება უცნობ გოგონაზე მეხიკოს ახლოს მდებარე კოიოაკანადან.
პატარძალი ფრიდა კალო იყო. ის უნგრელი ებრაელი ემიგრანტის ფოტოგრაფ გილიერმო კალოსა და მექსიკელი ლამაზმანის მატილდა კალდერონის ოჯახში დაიბადა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ.
უფროსი ფრიდა, რომელიც დედას ძალიან ჰგავდა, მამის საყვარელი გოგონა იყო. ის გამოირჩეოდა სხარტი გონებით, მღელვარე ტემპერამენტითა და პრეტენზიული ხასიათით. ექვსი წლის ასაკში გოგონამ პოლიომიელიტი გადაიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ბავშვობაში ჩიტივით დაქროდა.
ჩიტის ფრენა 1925 წელს შეწყდა, როდესაც ფრიდა 18 წლის იყო, ავტობუსი, რომელშიც გოგონა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა.
ფრიდამ სერიოზულად დაიზიანა ხერხემალი და მენჯი, მოიტეხა ნეკნები და ლავიწის ძვალი.
მკურნალობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. გოგონამ 33 ოპერაცია გადაიტანა, გამოიცვალა 28 კორსეტი. მას გამუდმებით სტანჯავდა ტკივილები.
სული ერთადერთი იყო, რომელიც მის სხეულში გადარჩა. "მე გადავრჩი. მე მაქვს ის, რისთვისაც უნდა ვიცოცხლო - ეს მხატვრობაა", - ეუბნებოდა ფრიდა დედას. სწორედ ფერწერამ დაუკავშირა მისი ცხოვრება დიეგო რივერას.
ფრიდა მოლბერტთან
ფრიდას ყურადღება ზორბა მამაკაცმა მაშინ მიიქცია, როდესაც ის მოსამზადებელი სკოლის კედლებზე ხატავდა. ფრიდა მერხთან იჯდა.
რამდენიმე წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, დიეგოსთვის თავისი ნახატები ეჩვენებინა.
გოგონა ძალიან თამამად იქცეოდა. ალბათ, იმიტომ რომ ნერვიულობდა და ძალიან ეშინოდა, რომ მხატვარი პატარა გოგონას ზედ არ შეხედავდა. მაგრამ მხატვარს ის არ გაუგდია. პირიქით, მისით ძალიან დაინტერესდა. ოღონდ გაუგებარია: რამ მოხიბლა დიეგო უფრო მეტად - მისმა ნახატებმა თუ თავად ფრიდამ?
ასე იყო თუ ისე, მხცოვანმა მხატვარმა ფრიდას მამას გოგონას ხელი სთხოვა. როგორც ყველა მამა, გილიერმოსაც ეგოისტობა სტანჯავდა და დიეგოზე ეჭვიანობდა.
როდესაც საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო, გილიერმო შეეცადა, შეყვარებულების ალი ჩაექრო: „ჩემი გოგონა მთელი ცხოვრება ავადმყოფი დარჩება. დაფიქრდით ამაზე და თუ დაქორწინებას არ გადაიფიქრებთ, მე თანხმობას მოგცემთ", - ეუბნებოდა გილიერმო სასიძოს.
დიეგოს დაქორწინება არ გადაუფიქრებია. ქორწილში ფრიდა სილამაზით ბრწყინავდა. მის ყელს ამშვენებდა ნეფრიტის ყელსაბამი, გრძელი საყურეები ბრწყინვალებას აფრქვევდა. ავადმყოფ ფეხებს კი ნაციონალურ სტილში შეკერილი გრძელი კაბა ფარავდა.
ბედნიერებისგან გაბრწყინებული ფრიდას დანახვაზე დიეგოს ყოფილი ცოლი ლუპე მარინი შურით აღივსო. ალკოჰოლით გაბრუებულმა ლუპემ ფრიდას კაბა აუწია და დაიყვირა: "შეხედეთ, ამ სულელმა როგორ ჩხირებზე გაცვალა ჩემი მშვენიერი ფეხები!"
გაჩაღდა სკანდალი. სიძე მდგომარეობიდან გამოვიდა და ყველაფერი მილეწ-მოლეწა.
ახლად დაქორწინებულებმა იჩხუბეს და ფრიდა მშობლებთან წავიდა. რივერამ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დააბრუნა ფრიდა სახლში.
ქორწილის შემდეგ ლუპე მარინი მალე კვლავ ესტუმრა ახლად დაქორწინებულებს. მან დიასახლისის როლიც კი მოირგო, დადიოდა ფრიდასთან ერთად ბაზარში, ეხმარებოდა სამზარეულოს ჭურჭლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შერჩევაში. შემდეგ კი ფრიდას რივერას საყვარელი კერძების მომზადებაც ასწავლა. აუხსნა, რომ დიეგო სამუშაო ადგილზე საუზმობდა. საჭმელი კალათით უნდა მიეტანა, რომელზეც გადაფარებული იქნებოდა ხელსახოცი წარწერით: 'მე შენ გაღმერთებ". ეს ჩვეულება ლუპემ მექსიკელი გლეხის ქალებისგან ისწავლა.
ახლად დაქორწინებულების სიყვარულით აღფრთოვანებას ჩხუბი და კამათი ენაცვლებოდა. რივერა თავისი ჩვეულებების ღალატს არ აპირებდა: ის ძველებურად დიდ დროს ატარებდა ყოფილ მეგობარ ქალებთან. ამის გარდა, დიეგო ვერ იტანდა კრიტიკას.
ფრიდა კი, რომელიც მხატვრულ წინათგრძნობას ფლობდა, ქმარს ყოველთვის მიუთითებდა ცოდვებზე. გაცოფებული დიეგო ფუნჯებს აქეთ-იქით ყრიდა, ცოლს წყევლა-კრულვას არ აკლებდა და სახლიდან მიდიოდა.
როდესაც შინ ბრუნდებოდა, შერიგების ნიშნად ფრიდას საჩუქრებით ავსებდა - მისთვის მძივებს, საყურეებსა და გულსაბნევებს გულუხვად ყიდულობდა.
ფრიდა სამკაულებს აღმერთებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მასალისგან იყო დამზადებული - ძვირფასი ქვებისგან თუ იაფფასიანი შუშისგან, ოქროსგან თუ თუნუქისგან.
მასში ინდიელთა სისხლი ჩქეფდა. გოგონას ჭრელი მექსიკური ტანსაცმელი და თმის ნაირფერი სამაგრები უყვარდა.
ფრიდასთვის ქმარი დიდი ბავშვი იყო. ის დიეგოს ხშირად გამოსახავდა როგორც ჩვილს, რომელიც მის მკლავებში იწვა.
მძიმე ტრავმების შედეგად ფრიდას შვილების გაჩენა არ შეეძლო და მთელ თავის დაუხარჯავ დედობრივ გრძნობას ქმარს აძლევდა. ფრიდა დიეგოს აბაზანაში აბანავებდა, სადაც სათამაშოების გროვას ყრიდა. თუმცა ცოლ-ქმარს შვილების ყოლის იმედი არასდროს დაუკარგავთ.
ექიმებმა სამჯერ აღიარეს ფრიდას ორსულობა, მაგრამ ის სამჯერვე მუცლის მოშლით დამთავრდა. უფრო კვალიფიციური დახმარების იმედით რივერამ ცოლი აშშ-ში წაიყვანა.
ფრიდას შეერთებული შტატები არ მოეწონა. „მაღალი საზოგადოება მაღიზიანებს. ეს მდიდარი ხალხი მაცოფებს, რადგან ათასობით ადამიანი ვნახე საშინელ სიღარიბეში, საკვებისა და სახლ-კარის გარეშე. ამ ყველაფერმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. რა საშინელებაა ხედავდე მდიდრებს, რომლებიც დღე და ღამე ერთობიან, მაშინ როდესაც ათასობით და ათასობით ადამიანი შიმშილისგან კვდება... თუმცა მე ძალიან მაინტერესებს აშშ-ს ინდუსტრიული განვითარება. ვხედავ, რომ ამერიკელები სრულიად მოკლებულნი არიან მგრძნობიარობასა და კარგ გემოვნებას... ისინი თითქოს ერთ დიდ საქათმეში ცხოვრობენ, სადაც სიბინძურე და მოუხერხებლობაა... სახლები ჰაერღუმელებს ჰგავს. ყველა კომფორტი კი, რაზეც ისინი საუბრობენ - მითია. არ ვიცი, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ", - წერდა ფრიდა დღიურებში.
გამგზავრებამ ფრიდას ბედნიერება ვერ მოუტანა. ის დეტროიტში ავად გახდა. ასე რომ, ექიმებმა მორიგი მიზეზი იპოვეს, ის უნაყოფოდ გამოეცხადებინათ.
განცდები ნახატებში აისახებოდა. ტილოების სახელწოდებებიც ამას მეტყველებდა: "ჰენრი ფორდის ჰოსპიტალი", "მფრინავი საწოლი".
ამ დროიდან ფრიდას შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელზეც დიეგო ამბობდა: "...მან დაიწყო მუშაობა შედევრების მთელ სერიაზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცოდა ფერწერის ისტორიამ, - ნახატები, რომლებიც უმღეროდა ქალის გამძლეობას მკაცრი რეალობის, უმოწყალო სინამდვილის, ადამიანური სისასტიკის, ხორციელისა და სულიერი ტანჯვის წინაშე".
თავად რივერა აშშ-ში უსაქმოდ არ მჯდარა. ნელსონ როკფელერმა მას "რადიო-სიტის" (ახლა ეს როკფელერის ცენტრია) კედლის მოხატვა შეუკვეთა.
დიეგომ კაპიტალიზმი - სასტიკი ფინანსური ცვლილებებისა და სიფილისის ბოლო სტადიით დაავადებული მეძავი ქალების სახით დახატა. ამ პანორამის თავზე კი განათავსა მარქსის, ენგელსის, ლენინისა და ტროცკის პორტრეტები.
ამ პორტრეტებმა, განსაკუთრებით ლენინის, დამკვეთის უკმაყოფილება გამოიწვია.
მან მოითხოვა პორტრეტი, რომელსაც უამრავი ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფა შეეძლო, რომელიმე ნეიტრალური პერსონაჟით შეეცვალა. ფრიდამ ქმარს ურჩია, კომპრომისზე არ წასულიყო, როკფელერის ბრძანებით კი მთელი ნამუშევარი განადგურდა.
რევოლუციური იდეებით გატაცებამ თავდაპირველად დიეგო და ფრიდა გააერთიანა, მაგრამ მალე ეს ოჯახური დრამის მიზეზი გახდა.
1936 წელს სტალინის დევნის შიშით მექსიკაში ჩავიდა „რევოლუციის დემონი" ლევ ტროცკი, ცოლთან ნატალია სედოვასთან ერთად.
დიეგო და ფრიდა, რომლებიც დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ რუსეთის რევოლუციისა და კერძოდ, ტროცკისაც, შერისხულ წყვილს შეხვდნენ და სახლში მიიწვის. რუს ემიგრანტებს მექსიკაში არავინ ელოდა, ამიტომ ამ მიწვევამ მათ სულზე მიუსწრო.
ფრიდა და ტროცკი
ლევ ტროცკი არსებითად დამოკიდებული აღმოჩნდა დიეგოსა და ფრიდაზე. მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. მამაკაცებს შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობა გაჩაღდა.
დამეგობრდნენ ქალებიც. ტროცკი დიეგოს ოქტომბრის რევოლუციის "უდიდეს გზამკვლევს" უწოდებდა.
"ეს არამხოლოდ ნახატებია, ეს კლასობრივი ბრძოლის ცოცხალი ნაწილია", - ამბობდა ტროცკი რივერას შემოქმედებაზე.
მეგობრული იდილია ტროცკის ფრიდასადმი მგზნებარე სიყვარულმა დაარღვია. მათი რომანი ვნებიანი აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან ხანმოკლე.
სავარაუდოდ, ფრიდა ტროცკის მიმართ არანაირ განსაკუთრებულ გრძნობებს არ განიცდიდა. მისი მხრიდან ეს უფრო შურისძიება იყო ქმრის აურაცხელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო. ფრიდას შურისძიების გრძნობას განსაკუთრებით უმძაფრებდა დიეგოს სასიყვარულო კავშირი მის საყვარელ დასთან, ქრისტინასთან.
მაგრამ ფრიდას მცდელობის მიუხედავად, თავიდან აერიდებინა სკანდალი, დიეგომ მისი და უახლოესი მეგობრის რომანის შესახებ მაინც შეიტყო.
ტროცკიმ სასწრაფოდ სხვა საცხოვრებელი სახლის ძებნა დაიწყო. ის მექსიკის შუაგულში ფულისა და სარჩო-საბადებლის გარეშე აღმოჩნდა. მალე ტროცკი საბჭოთა აგენტმა ვერაგულად მოკლა.
რივერების ოჯახში კი ვითარება სულ უფრო იძაბებოდა. დიეგოს ცოლის პატიება არც შეეძლო და არც სურდა.
ფრიდა იმ სტრესისგან ვერ თავისუფლდებოდა, რომელიც ქმრისა და დის ურთიერთობამ მიაყენა.
1939 წელს ცოლ-ქმარმა განშორება გადაწყვიტა. ფრიდა ნიუ-იორკში გაემგზავრა. რივერას დასავიწყებლად ფრიდა უამრავ საყვარელს იცვლიდა. მაგრამ მალე მძიმე ტკივილები დაეწყო ხერხემალში, აწუხებდა თირკმელებიც.
ამ დროს ფრიდამ შექმნა შედევრი "ორი ფრიდა". ეს ორმაგი ავტოპორტრეტია. პირველი ფრიდა მექსიკურ კოსტიუმში, ბედნიერი და საყვარელია, მას ხელში უჭირავს მედალიონი დიეგოს გამოსახულებით.
მეორე ფრიდას ევროპული ტანსაცმელი აცვია, ის მარტოსულია და უბედური. მას ხელზე აქვს სამედიცინო ნემსი შპრიცით, საიდანაც მოედინება სისხლი, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლე ქრება. და მაინც, ამ სევდიანი ფერწერული ტილოს მიუხედავად, ფრიდა იმედოვნებდა, რომ დიეგო მას დაუბრუნდებოდა.
დიეგო მართლაც მივიდა ფრიდასთან, ოღონდ სან-ფრანცისკოს კლინიკაში. იმ დროისთვის ქალს უკვე გადატანილი ჰქონდა ერთი უმძიმესი ოპერაცია და მეორისთვის ემზადებოდა. ექიმების პროგნოზით ფრიდა დარჩენილ სიცოცხლეს საწოლში გაატარებდა, საშინელი კორსეტის გაუხდელად.
დიეგო ფრიდას წინაშე მუხლებზე დაეცა და პატიებას სთხოვდა. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქა.
ბედნიერი რივერა მექსიკაში დაბრუნდა, რათა სახლი წესრიგში მოეყვანა. ფრიდამ მას კვალდაკვალ წერილი მიადევნა, რომელიც სავსე იყო სიყვარულით: "დიეგო, მალე ჩვენ სამუდამოდ შევერთდებით, სკანდალებისა და ყველაფრის გარეშე, რათა უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი. მე შენ მიყვარხარ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე მყვარებიხარ. შენი პატარა გოგონა ფრიდა".
1940 წელს ისინი მეორედ დაქორწინდნენ. ეჭვგარეშეა, რომ რივერას თავისი გატაცებების მიუხედავად, ფრიდა ძალიან უყვარდა.
"მას ჰქონდა დახვეწილი ნერვული სხეული და ნაზი სახე. გრძელი თმა, მუქი სქელი წარბები ცხვირის ზემოთ ერთდებოდა, ისინი შაშვის ფრთებს ჰგავდა, მათ ქვემოდან კი საოცარი ყავისფერი თვალები მიმზერდა", - წერდა დიეგო.
„ვერავინ ვერასდროს მიხვდება, როგორ მიყვარს დიეგო. მე ერთი რამ მინდა: რომ მას არაფერი დაუშავონ და არ შეაწუხონ, არ წაართვან ენერგია, რომელიც მისთვის აუცილებელია, რათა იცოცხლოს. იცხოვროს ისე, როგორც მოსწონს - დახატოს, უმზიროს, უყვარდეს, ჭამოს, ეძინოს, განმარტოვდეს, შეხვდეს მეგობრებს, ოღონდ სულით არ დაეცეს", - წერდა ფრიდა.
ამ სიტყვებს წერდა ქალი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული. "მე ავად არ ვარ. მე გატეხილი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ სიცოცხლით, ვიდრე ხატვა შემიძლია", - ამბობდა ის.
სუნამო Shocking
1938 წელს, ავადმყოფობამდე, ფრიდა კალომ მწერალ ანდრე ბრეტონის მოწვევით თავისი ნამუშევრები პარიზში ჩაიტანა, სადაც ფურორი მოახდინა. ერთ-ერთი ნახატი ლუვრმა შეიძინა.
ასეთი პატივი მის ცნობილ ქმარსაც კი არ რგებია. მოკლედ, ფრიდამ დაიპყრო დახვეწილი და გემოვნებიანი ფრანგები არა მხოლოდ ფერწერით, არამედ ეგზოტიკური გარეგნობითაც.
ფრიდას პორტრეტები ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა. მაღალი მოდის კანონმდებელმა ელზა სკიაპარელიმ შექმნა ცნობილი კაბა "მადამ რივერა" და სუნამო Shocking.
მაღალი მოდის სამყაროში საოცარი მექსიკელი ქალის ხსოვნა დღემდე ცოცხალია. 1998 წელს ჟან პოლ გოტიემ შექმნა ტანსაცმლის კოლექცია დევიზით "ფრიდა". კოლექციის დემონსტრირებას ახდენდნენ გოგონები გრძელი წარბებით. მათ თავზე ამშვენებდათ სქელი შავი თმის გვირგვინები, ყვავილებითა და ბაფთებით მორთული. ფრიდას მართლაც ძალიან უყვარდა ყვავილები. მას საერთოდ ყველაფერი უყვარდა, რაც კი ბუნებისგან იყო შექმნილი.
ნაყოფიერების სიმბოლოები გვხვდება ფრიდას უამრავ ნახატზე: ყვავილები, ხილი, მაიმუნები, თუთიყუშები. მათ ამშვენებს ბაფთები, მძივები, ვაზი და კვრინჩხის ეკლიანი ტოტები. ის ამბობდა, რომ არსებობის უფლება ყველაფერს ჰქონდა, რაც სუნთქავდა.
ფრიდა კალოს უყვარდა სიცოცხლე
ფრიდას სიკვდილი არ უნდოდა. 1954 წელს, სიკვდილამდე რვა დღით ადრე, მან დახატა ნატურმორტი, გაჭრილი საზამთროები მუქ ფონზე. სისხლივით წითელ, რბილობზე წერია VIVA LA VIDA ("გაუმარჯოს სიცოცხლეს!"). სიყვარულის ასეთი სიმბოლო მოიფიქრა მხატვარმა, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა. მისი დღიურის ბოლო გვერდზე კი დიეგომ ასეთი სიტყვები ამოიკითხა:
„მე ბევრი რამ შევძელი,
შემიძლია სიყვარული,
შემიძლია ხატვა,
მე მიყვარს დიეგო ჩემს თავზე მეტად".