აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.
ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონაწილეობით იმსჯელეს უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პერიოდში.
აღნიშნული ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ, სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული. საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია გზავნილების ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი წამლობებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების შესახებ.