საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთის სენატის პრეზიდენტს კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მიმდინარე რეფორმებსა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ხაზი გაესვა საქართველო-რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე.
რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი დაესწრნენ.