11-12 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო რუმსში ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის (ESGO) მიერ ორგანიზებული მასტერკლასი გაიმართება, სადაც მომხსენებლები საკვერცხის კიბოს მკურნალობის თანამედროვე ასპექტების შესახებ ისაუბრებენ. ამ პროფილის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და ის მოიცავს ყველა ასპექტს საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. მასტერკლასზე დასასწრებად 100-მდე ქართველი და უცხოელი ონკოგინეკოლოგი დარეგისტრირდა. მონაწილეები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნებიდან არიან. კონფერენციაზე მომხსენებლები არიან მსოფლიოში აღიარებული ექსპერეტები დენის ქუერლოუ - ევროპის ონკოგინეკოლოგთა ორგანიზაციის პრეზიდენტი, მონრეალის საუნივერსიტეტო კლინიკის სრული პროფესორი, ტულუზის უნივერისტეტის საპატიო პროფესორი, ბერგონის კიბოს ცენტრის პროფესორი და კონსულტანტი; კრისტიანა სესა -ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ონკოლოგიური საზოგადოების გაიდლაინების კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის ონკოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი; დევიდ სიბულა - პრაღის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; პაულინა ვეიმბერკი - დრეზდენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; თენგიზ ჩარკვიანი - საქართველოს ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, სრული პროფესორი; მასტერკლასს გახსნის ქართველი ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში, ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის წარმომადგენელი დინა ქურდიანი.