გიორგი შენგელაია დღეს 82 წლის გახდა. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფილმში შენგელაიამ გამოხატა სულიერად ამაღლებული ახალგაზრდა გმირის პროტესტი დამახინჯებული ტრადიციების მიმართ. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. შენგელაიამ ქართული კინო გაამდიდრა ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია” (1987).
მას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი (1966), ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი (1966), ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“ (1974), დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია (1973), აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია (1974), ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი (1975), კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი (ერევანი 1977), სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1985) და სხვა პრიზები.