ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ, სამწუხაროდ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.
მისი თქმით, ივანიშვილმა თავად გასცა პასუხი კითხვას, რატომ წავიდა ის პარტიიდან.
"არ შეიძლება არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა ჩვენ, თუ ადევნებდა თვალს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც რომ ძალადობის მსახურნი იყვნენ და არა მსხვერპლნი როგორც თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ, 20 წელია მე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა გუშინ, სამწუხაროდ“, - განაცხადა ბესელიამ.