საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ფესტივალის ისტორიაში პირველად, 30 მაისს, მსოფლიო საგამომცემლო სივრცის უმაღლესი რანგის პირი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჰიუგო ზეტცერი გახსნის.
თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მოწვევით, თბილისს ჰიუგო ზეტცერთან ერთად ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხოსე ბორგინო - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი - სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციის მონაწილეობით, ფესტივალის ფარგლებში, ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება ქართული თუ მსოფლიო საგამომცემლო სფეროს ყველაზე აქტუალური საკითხები: სიტყვის და გამოცემის თავისუფლება, საავტორო უფლებები, სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი.
შეგახსენებთ, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათაო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს და 70 ქვეყნის 80-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც საკონსულტაციო თანამშრომლობა აქვს გაეროსთან და პოპულარიზაციას უწევს და იცავს მთელ მსოფლიოში გამოცემის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ასპექტს - გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ხელს უწყობს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის გავრცელებას.
გარდა ამისა, თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად გამოდის ინიციატივით, ფესტივალის პავილიონში შეიქმნას „თავისუფალი სიტყვის სექტორი", სადაც განთავსდება არასამთავრობო ორგანიზაციების სტენდები, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საგანგებოდ ფესტივალის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ახალი პლატფორმა - „თავისუფალი სიტყვის 1 საათი", რომლის ფარგლებშიც, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე, მათ დაეთმობათ ერთი საათი ფესტივალის მთავარ სცენაზე ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემებზე სასაუბროდ, გაიმართება პანელ დისკუსიები ქართველი მწერლების ჩართულობითაც. 4 დღის განმავლობაში, არასამთვრობო ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ საშუალება, ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყონ მათი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალის გავრცელება, დაგეგმონ შეხვედრები და დისკუსიები თავიანთ სტენდებზე და ფესტივალის დამთვალიერებლებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.