ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პირისპირ" განაცხადა.
მისი თქმით, პარტიიდან თავდაპირველად სამი ადამიანის წასვლის შემდეგ გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა ივანიშვილის თქმით, მისთვის გაურკვეველია რატომ შეუერთდა ამ ჯგუფს ზვიად კვაჭანტირაძე.
„მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს. თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ, რომ ეს იყო მოსამართლეები საკითხი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, ფასეულობათა აღრევა მათში მოხდა და არა გუნდში. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ფასეულობების აღრევის პრობლემა სწორედ გუნდიდან წასულ ადამიანებს აქვთ. "ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელიწადს გაახსენდათ სასამართლო?! სად იყვნენ აქამდე?!", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.