თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა, 1989 წლის, 9 აპრილის მსხვერპლთა ოჯახების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება. აღნიშნულ საკითხზე, დღეს საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის საჯარო განხილვაზე იმსჯელეს.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს ტრაგიკული მოვლენა და ამავე დროს ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენ ქედს ვიხრით და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.