თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბასკეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ბასკეთის საგარეო საქმეთა გენერალური მდივანი მარიან ელორსა ხელმძღვანელობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება იმ გამოწვევების და პრიორიტეტების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე აქტიურად ისაუბრეს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მხარეების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ დამეგობრებულ ქალაქებში თბილისსა და ბილბაოში ამ ქალაქების სახელობის ქუჩები გაჩნდეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.
შეხვედრის ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.