ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატოს წევრი, მხარდაჭერილია ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, რაც დასტურია, რომ ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მოისმინა ძლიერი გზავნილები საერთაშორისო პარტნიორებისგან იმის შესახებ, რომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს არჩევანი სუვერენულ ქვეყანას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ის კონცეფცია, რომელიც განიხილებოდა დღეს და წინა თვეების განმავლობაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ევროპული ოჯახის და ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტირება. ჩვენი მისწრაფება არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენმა ერმა გააკეთა სუვერენული არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, მუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გვექნება ამ გზაზე, საქართველო აუცილებლად მიაღწევს საწადელს და გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.