ამერიკელმა მსახიობმა და აქტივისტმა ანჯელინა ჯოლიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას, გამოხატა სურვილი, გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მიზანია ავღანეთში ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულება.
„ათასობით ავღანელი ქალი, საფრთხის ქვეშ აყენებს თავის უსაფრთხოებას და ითხოვს, გარანტირებულად დაცული და გათვალისწინებული იყოს მათი და მათი შვილების უფლებები სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც მონაწილეობის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ“, - განაცხადა ჯოლიმ გაეროში 29 მარტს, მინისტრებსა და დიპლომატებთან შეხვედრისას.
„საერთაშორისო საზოგადოების დუმილი შემაშფოთებელია. არ შეიძლება მშვიდობამ და სტაბილურობამ დაისადგუროს იქ, სადაც ქალების უფლებებით ვაჭრობენ. მსოფლიო ძალადობისა და კონფლიქტების ციკლში დარჩება, მანამ სანამ ლიდერები ყველა საკითხს ქალთა თანასწორობის წინ დააყენებენ“, - დასძინა ჯოლიმ.
43 წლის ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკვე 18 წელია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რომ აშშ ხელმძღვანელობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს თალიბანთან კატარსა და ვაშინგტონში, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში კონფლიქტის დასრულებას. აღსანიშნავია, რომ ამ მოლაპარაკებებში თალიბანის მოთხოვნით არ მონაწილეობდა ავღანეთის მთავრობა, რასაც კატეგორიულად გმობდნენ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.