თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მარინა დათუკიშვილის სხდომაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს, სადაც დათუკიშვილმა წარმოადგინა მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, თუ ადრე საქმე ეხებოდა ტყუილების ტირაჟირებას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ახლა ისინი ამ ტყუილების ფორსირებას ახდენენ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ათასობით ბავშვს, თქვენ მაინც სპეკულირებთ ამ თემით და სტრესულ მდგომარეობაში აგდებთ სასახლის ათასობით მოსწავლესა და მათ ოჯახებს’’ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია თბილისისთვის. შესაბამისად, მისი აღდგენა-რეკონსტრუქცია 2019 წლის პრიორიტეტული პროექტია, რისთვისაც ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კულტურულ მემკვიდრეობასთან შემხებლობას, მან ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღადგინა. რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, ფიროსმანის ნახატების ჩვენი ქვეყნისთვის ჩუქება და სხვა მრავალი ’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.